ძიება

საქართველოს ეროვნული გალერეა

გალერეა, სამხატვრო გალერეა
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00
დასვენების დღეები: ორშაბათი და ოფიციალური დასვენების დღეები
თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 11    -    იხილეთ რუქაზე

ეროვნული გალერეის არსებობის ისტორია თითქმის საუკუნეს ითვლის. მისი დაარსება ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მხატვრის დიმიტრი შევარდნაძის სახელს უკავშირდება. ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა 1920 წლით თარიღდება. ამ დროიდან ეროვნული გალერეა ქართული სახვითი ხელოვნების განვითარების საქმეს ემსახურება.

შენობა, რომელშიც ის არის განთავსებული, 1888 წელს რუსეთის იმპერატორის გადაწყვეტილებით აიგო და მასში რუსეთის სამხედრო-ისტორიული მუზეუმი, ე.წ. დიდების ტაძარი, დაარსდა. მუზეუმს რუსეთის იმპერიის ძლევამოსილება უნდა წარმოეჩინა და რუსული იარაღის ძლიერებისა და დიდების სიმბოლო უნდა გამხდარიყო. მან პირველ მსოფლიო ომამდე იარსება. დიდების ტაძრის ექსპოზიციის ევაკუაცია მოხდა პირველი მსოფლიო ომის დროს, რითაც სამხედრო-ისტორიულმა მუზეუმმა არსებობა შეწყვიტა. მასთან ერთად დაიხურა ამ შენობის ისტორიის ერთი ფურცელი.

ეროვნული გალერეის პირველი ექსპოზიცია 1920 წლის ოქტომბერში შედგა. გალერეის საგამოფენო პოლიტიკა პირველივე წლებში გამოიკვეთა: ქართული და უცხოური, ძველი და ახალი პერიოდების სახვითი ხელოვნების ნიმუშები – რაც ფასეული შექმნილა ან მოხვედრილა საქართველოს ტერიტორიაზე.

ექსპოზიციის მოწყობას უძღოდა მიზანდასახული შრომა ნამუშევართა მოსაპოვებლად. საოცარ ძალისხმევას იჩენს დიმიტრი შევარდნაძე და მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებს ხელოვნების ნიმუშებს.

ექსპოზიციაში განთავსდა XVIII–XIX საუკუნეების ქართული პორტრეტული ფერწერა (ე.წ. თბილისური სკოლა), რუსული, დასავლეთ ევროპული, ირანული და თანადროული ქართული მხატვრობა.

გალერეის დაარსებიდან სულ მალე ის ფლობდა რაოდენობრივად და ხარისხობრივად საკმაოდ მნიშვნელოვან ფონდსაცავს რამდენიმე განყოფილებით. ფაქტობრივად, ეროვნულმა გალერეამ, რომლის ძირითად დანიშნულებას თანადროული სახვითი ხელოვნების წარმოჩენა წარმოადგენდა, სახვითი ხელოვნების მუზეუმის ფუნქციაც შეითავსა.

ამასთან, ცხადი გახდა, რომ შენობა არასაკმარისი იყო საგამოფენო საქმის გასაშლელად. გალერეამ მხოლოდ ნაწილობრივ შეძლო თანადროული ხელოვნების გამოფენა. რეალურად, მხატვრები ისევ საგამოფენო სივრცის გარეშე დარჩნენ....

მალე გაჩნდა გალერეის რეორგანიზაციის გეგმაც. დიმიტრი შევარდნაძის ყურადღების საგანი მეტეხის ციხე გამხდარა, რომელთანაც დაკავშირებით იგი წერდა:

„...საქართველოს ეროვნულ გალერეას ხელოვნების მუზეუმისათვის ყველაზე უფრო შესაფერის შენობად მეტეხის ციხე მიაჩნია. ეს შენობა თავისი ფართობით, მდებარეობით, დაცვის ცეცხლისაგან უზრუნველყოფით სრულ გარანტიას იძლევა, რომ დასახული მიზნისთვის საუცხოოდ გამოყენებული იქნება. მეტეხის ციხე, ეს უძველესი ძეგლი ტფილისისა, ძველად ყოფილი სასახლე, ამ ასი წლის წინათ მეფის თვითმპყრობელობის მიერ გადაკეთებულ იქნა საპყრობილედ. დროა, ამას მიექცეს სათანადო ყურადღება და ეს ისტორიული ძეგლი, დამამშვენებელი ტფილისისა, გამოყენებულ იქნას უფრო საპატიო მიზნით. ...მეტეხის მუზეუმისათვის გადაცემა მოგვცემს საშუალებას, ფართოდ გავშალოთ ხელოვნების მუზეუმი, მოვაწყოთ საჭირო ლაბორატორიები და სახელოსნოები და მეტეხის საპყრობილისგან შევქმნათ "საქართველოს ლუვრი", რომელიც მომავალში უნდა გადაიქცეს სახვითი ხელოვნების შესწავლის და კვლევა-ძიების ცენტრად."

1933 წელს ხელისუფლებამ ქალაქის ციხე ორთაჭალაში გადაიტანა და მეტეხის ისტორიული შენობა ეროვნული სამხატვრო გალერეის დირექციას გადასცა. გადაწყდა, მეტეხში განთავსებულიყო ეროვნული გალერეის მთელი საგანძური, რომელიც შექმნიდა პლასტიკური ხელოვნების მუზეუმს. ამასთან ერთად, მოიაზრებოდა ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შექმნაც. ამ დროისათვის გალერეა 6000 ექსპონატს ფლობდა.

1934 წლიდან ეროვნული გალერეა ხელახლა იწყებს ფუნქციონირებას. ის ხდება სახელმწიფოს კულტურული პოლიტიკის გამტარებელი მთავარი ინსტიტუცია სახვითი ხელოვნების სფეროში.

1980-იანი წლების ბოლოს მნიშვნელოვანი სიახლეა გალერეის ცხოვრებაში.1988 წლის მარტში მხატვრის სახლის დირექციის ინიციატივით შეიქმნა სამუზეუმო-საგამოფენო გაერთიანება ,,სურათების ეროვნული გალერეა".

მასში შევიდა მხატვრის სახლი, საქართველოში არსებული საგამოფენო დარბაზები, სურათების გალერეები. გაერთიანების ცენტრალურ ინსტიტუციად თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი მოიაზრებოდა. მუზეუმის ექსპოზიცია ეროვნული გალერეის შენობაში, გალერეის ფონდების ბაზაზე, შეიქმნა. დაიგეგმა გალერეის შენობის რეკონსტრუქცია. საექსპოზიციო სივრცე ორჯერ გაიზარდა. საგამოფენოდ გადაკეთდა პირველი სართული, რომელიც მანამდე ფონდებსა და გალერეის სამსახურს ეკავა.

თანამედროვე ქართული ხელოვნების ვერნისაჟი 1989 წლის 18 სექტემბერს შედგა. 90-იან წლებში თბილისში განვითარებული ცნობილი პოლიტიკური მოვლენების გამო გალერეის შენობაში განთავსებულმა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა მხოლოდ მცირე ხანს იარსება.

2007 წელს ეროვნული გალერეა ეროვნულ მუზეუმს შეუერთდა. დაიგეგმა გალერეის შენობის ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქცია, რომლის შედეგად უცვლელი დარჩა ნაგებობის ცენტრალური ფასადი და საგამოფენო სივრცე. შენობა გაიზარდა ბაღის მხრიდან მიშენების ხარჯზე. რეკონსტრუქციის შედეგად შეიქმნა ახალი საგამოფენო სივრცე. განახლებულ გალერეაში 8 დარბაზი ფუნქციონირებს, შექმნილია სარესტავრაციო ლაბორატორია, დროებითი გამოფენების ორგანიზებისათვის საჭირო ექსპონატთა საცავი, სასწავლო სივრცე და გაიხსნა მაღაზია.

პროექტი პორტუგალიულმა არქიტექტურულმა კომპანია ,,Ainda Arquitectura"-მ შეიმუშავა.

ბუნებრივი სინათლით განათებული ეროვნული გალერეის საგამოფენო დარბაზები სასიამოვნო, შთამაგონებელი და უნიკალური ადგილია არამარტო თბილისში, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიაში.

დღეს გალერეა ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთი ცენტრალური საგამოფენო სივრცეა, სადაც შეგიძლიათ ნახოთ დროებითი ექსპოზიცია ,,ქართული სახვითი ხელოვნების შედევრები, XX საუკუნის I ნახევარი".

დამატებითი ინფორმაცია

  • მდებარეობა: თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 11
  • სამუშაო საათები: 10:00 - 18:00
  • დასვენების დღეები: ორშაბათი და ოფიციალური დასვენების დღეები
  • გიდი: გიდის მომსახურება ყველა მუზეუმში წარმოებს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე. დეტალური ინფორმაციისთვის და ჩაწერასთან დაკავშირებით დარეკეთ: 2 15 73 00
  • ტანსაცმლის და ბარგის შენახვის საშუალება: დამთვალიერებლებს შეუძლიათ ისარგებლონ მუზეუმის უფასო გარდერობით და ჩააბარონ: პალტოები და სხვა ზედა ტანსაცმელი ქოლგები სამგზავრო ან დიდი ზომის ჩანთები და ზურგჩანთები მოტოციკლის მუზარადები მუსიკალური ინსტრუმენტები ხელჩანთების (უდიდესი ზომა - A3) შეტანა გამოფენებზე დასაშვებია. სადავო შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს მეთვალყურე. გარდერობი არ იბარებს: ფულს, დოკუმენტებს და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს ჩეკის წიგნაკებსა და საკრედიტო ბარათებს ძვირფას ნივთებს ხელჩანთებს ამ წესის დაუცველობის შემთხვევაში მუზეუმი არ აგებს პასუხს ნივთების დაკარგვის ან დაზიანების გამო. გარდერობში ჩაბარებული ნივთები დამთვალიერებელმა უნდა დაიბრუნოს იმავე დღეს მუზეუმის დაკეტვამდე. თუ ნივთს იმავე დღეს არ მოაკითხავენ, ის ჩაითვლება დაკარგულად. ჩაბარებული ნივთების დაკარგვა დაუყონებლივ, მუზეუმიდან გასვლამდე, უნდა ეცნობოს გარდერობის პერსონალს.
  • ფოტო ვიდეო გადაღება: მუზეუმის შენობასა და მუდმივ ექსპოზიციებში კერძო მიზნებისთვის ფოტოგადაღება ნებადართულია ბლიცისა და ფოტოშტატივების გამოყენების გარეშე ფოტო და ვიდეოგადაღება დროებით გამოფენებზე კატეგორიულად დაუშვებელია გადაღება კომერციული მიზნებისთვის დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის ხელმძღვანელობასთან ან კომუნიკაციის სამსახურთან წინასწარი შეთანხმებისა და წერილობითი ნებართვის საფუძველზე ნებისმიერი ჩანაწერი ან ფოტო, სადაც შესაძლოა გამოჩნდეს მუზეუმის თანამშრომელი, საჭიროებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციისა და გადაღების მონაწილე მხარეების თანხმობას
  • ბილეთები: მოზრდილი 7 ლარი; სტუდენტი 1 ლარი; სკოლის მოსწავლე 0.5 ლარი; პენსიონერი 0.5 ლარი; მუზეუმის მეგობარი - გაწევრიანდით უფასო; ბავშვი 6 წლამდე უფასო; შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა: ICOM-ის წევრებისთვის, „Culture card" ბარათების მფლობელთათვის; საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის; მხატვართა გილდიის წევრი მხატვრებისთვის, მხატვართა კავშირის წევრებისთვის; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.
  • ტელეფონი: + (995 32) 215 73 00
  • ელ.ფოსტა: info@museum.ge
  • ვებ გვერდი:
payment methods