ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებლის, აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, 1966 წელს დაარსდა კავკასიაში პირველი ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელსაც ქართული ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმი ეწოდა.
ეთნოგრაფიული მუზეუმი წარმოადგენს საქართველოს მინიატურულ მოდელს და ასახავს მის მრავალფეროვან ეთნოკულტურას. მუზეუმის ტერიტორია მოიცავს 52 ჰექტარს და დაყოფილია 11 ზონად. მუზეუმის გენერალურ გეგმის ავტორია ლონგინოზ სუმბაძე. ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფისათვის დამახასიათებელი ობიექტები გამოფენილია 10 ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ზონაში. მუზეუმში წარმოდგენილია 70-მდე საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო ნაგებობა საქართველოს რეგიონებიდან: ქართლი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო, აჭარა, აფხაზეთი, რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი. ერთი-ერთი ზონა ეთმობა ისტორიულ-არქეოლოგიურ ძეგლებს, რომელთა შორისაა V-VI საუკუნის სიონის ბაზილიკა, ძვ.წ. II ათასწლეულის აკლდამა (დოლმენი) აფხაზეთიდან და საფლავის ქვების მდიდარი კოლექცია.
მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრში გაზაფხულსა და შემოდგომაზე მიმდინარეობს ხალხური რეწვის პროგრამა, სადაც ყველა თაობის წარმომადგენელს შუეძლია შეისწავლოს მჭედლობის, მეთუნეობის, ხეზე კვეთის, ფარდაგებისა და წინდების ქსოვის ტრადიციული მეთოდები.
ყოველ შაბათ-კვირას, დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა სამუზეუმო ექსპოზიციებთან ერთად გაეცნოს ქართველი ხალხის ყოფა-ცხოვრების გაცოცხლებულ ისტორიას.
სამეგრელოს ზონაში ფუნქციონირებს ეთნოგრაფის სახლი, სადაც წარმოდგენილია მუზეუმის დამფუძნებლის აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას მემორიალური კაბინეტი, ქართველი ეთნოგრაფების წიგნსაცავი და ქართველ დიდგვაროვანთა საქორწინო სამოსი.
მუზეუმი ღია ცის ქვეშ სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც თავმოყრილია საბუნებისმეტყველო, მატერიალური და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.