ძიება

სვანეთის მუზეუმი

მუზეუმი, ისტორიული მუზეუმი, არქეოლოგიური მუზეუმი, საგამოფენო სივრცე, ეთნოგრაფიული მუზეუმი
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00
დასვენების დღეები: ორშაბათი და ოფიციალური დასვენების დღეები
მესტია, ავთანდილ იოსელიანის ქუჩა 7    -    იხილეთ რუქაზე

სვანეთის მუზეუმი 1936 წელს დაარსდა. ქართველმა მეცნიერებმა და ადგილობრივმა მოღვაწეებმა იმისათვის რომ რეგიონში გაბნეული უნიკალური ნიმუშები განადგურება - დაკარგვასა და მოუვლელობას გადარჩენოდა დაიწყეს მუზეუმის კოლექციების შევსება.

2013 წელს, არქიტექტორ გაგა კიკნაძის პროექტის მიხედვით, დასრულდა მუზეუმის სარეაბილიტაციო - განახლებითი სამუშაოები და ახალ, თანამედროვე შენობაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მუზეუმი გაიხსნა.

2015 წელს მუზეუმს საგანმანათლებლო ცენტრი და მედიათეკა შეემატა. გარდა აღნიშნულისა, მუზეუმში წარმოდგენილია დროებითი საგამოფენო სივრცე, რომელიც სხვადასხვა ხასიათის გამოფენის მოწყობის შესაძლებლობას იძლევა. მუზეუმში მოსულ დამთვალიერებლებს შეუძლიათ ეწვიონ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ საჯარო სივრცეს, მუზეუმის მაღაზიასა და კაფეს.

მუზეუმის სარეაბილიტაციო კომპლექსური სამუშაოები საქართველოს მთავრობისა და სხვადასხვა საერთაშორისო ფონდისა თუ ორგანიზაციის მხარდაჭერით მიმდინარეობდა; მათ შორისა: საქართველოს UNESCO-ს საქმეთა ეროვნული კომისია, ევროკავშირის ტვინინგის პროგრამა, პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდი/ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების გაერთიანება, სმიტსონის ინსტიტუცია, აშშ-ს ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი, საქართველოში იტალიისა და შვეიცარიის საელჩოები.

სვანეთის მუზეუმი XXI საუკუნის საერთაშორისო სტანდარტების კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია, რომელიც სამეცნიერო კვლევასა და მომავალი თაობების აღზრდას ემსახურება.

***

მუზეუმის კოლექციები მოიცავს მესტიაში დაცულ მრავალფეროვან მასალას და კალას, იფარის, მულახის, ლატალისა და ფარის ისტორიულ თემთა სოფლების ეკლესიებში დაცულ მოძრავ ძეგლებს; მუზეუმის დაქვემდებარებაშია მესტიის ისტორიულ უბნებში, ლეხთაგსა და ლანჩვალში მდებარე უძველესი საცხოვრებელი კომპლექსები კოშკებითურთ, უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშის მუზეუმ-ნაკრძალი საცხოვრებელი კომპლექსებითა და ერთ-ერთ კოშკში მოწყობილი გამოფენით.

არქეოლოგიური მონაპოვრები სვანეთში ძვ.წ. III ათასწლეულიდან აქტიურ კულტურულ და სოციალურ ცხოვრებას ადასტურებს, ანტიკურ ხანაში კი - ამ კუთხის კოლხეთისგან, ოქროს საწმისის ქვეყნისგან, განუყოფლობას. სვანეთის მუზეუმის კოლექციებში მრავლადაა კერამიკის, სამკაულის, საკულტო ნივთების, საბრძოლო და სამეურნეო იარაღისა და ნუმიზმატიკის კოლექციები.

სვანეთის ნუმიზმატიკური კოლექცია მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც იმითაა განპირობებული, რომ მასში დაცული მონეტების უმეტესობა საეკლესიო განძებს წარმოადგენს, რომლებშიც საუკუნეების განმავლობაში თავს იყრიდა საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში მყოფი ფული. სვანეთში დაცული ნუმიზმატიკური კოლექციების ქრონოლოგია ძვ.წ. V საუკუნეში მოჭრილი "კოლხური თეთრით" იწყება და XX საუკუნის საბჭოური მონეტებით მთავრდება.

კოლექციაში დაცულია ადგილობრივი, ქართული და უცხოური მონეტების როგორც ერთეული აღმოჩენები, ისე განძები. მათგან აღსანიშნავია: ალექსანდრე მაკედონელის ოქროს სტატერი, ალექსანდრე მაკედონელის ადგილობრივი მინაბაძი, ავგუსტე კეისრის დენარის მინაბაძი, პანტიკაპეის ოქროს სტატერი, არაბული დირჰემი, ბიზანტიური, ირანული, სელჩუკური, მონღოლური, დავით აღმაშენებლის, გიორგი III-ის, თამარის, გიორგი IV ლაშას, რუსუდანის, რუსული და ევროპული (პოლონური, დანიური, გერმანული, ჩეხური) მონეტები.

სვანეთში დაცული ქრისტიანული კულტურის კოლექციები შუა საუკუნეების ქართული, სირიული, ბიზანტიური თუ ევროპული ხელოვნების უამრავ უმნიშვნელოვანეს ძეგლს მოიცავს.

მუზეუმის ჭედური ხატების უმრავლესობა სვანი ოსტატების მიერ არის შესრულებული. თანდართულმა წარწერებმა ზოგიერთის სახელიც შემოინახა. მუზეუმში ინახება XI საუკუნის ოსტატთა, გვაზავაისძეთა, ნახელავი ხატები: დიოკლიტიანეს მლახვრავი წმ. გიორგისა (ოსტატი ასანი) და ქრისტე პანტოკრატორისა (ოსტატები გიორგი და თევდორე).

მუზეუმის უნიკალურ ქართულ ფერწერულ ხატებს შორის ე.წ. დედაქალაქური სკოლის ნიმუშიც არაერთია და ე.წ. ხალხური ნაკადის ოსტატთა მიერ შესრულებულიც. აღსანიშნავია: მათგან უადრესი, ჩვილედი ღმრთისმშობელი და წმ. ბარბარე (IX-Xსს.); ასევე წმ. იონა წინასწარმეტყველის (XIIს.), ჩვილედი ღვთისმშობლის (XIIს.), წმ. გიორგის (XIIIს.), წმ. მხედრების (XIIIს.), წმ. გაბრიელ მთავარანგელოზის (XI-XIIსს.), ორმოცი სებასტიელი მოწამის (XIIს.); მაცხოვრისა (XI-XIIსს.) და ლაზარეს აღდგინების (XIIს.) ხატები. გამორჩეულია მუზეუმში დაცული რელიქვარიუმები, რომლებიც ჭედურობით შემკულ ფერწერულ ხატებს წარმოადგენს, მათ შორისაა: ჯვარცმის (XI-XIIსს.) და რუსუდან დედოფლის აღმზრდელის - სილიხანის მიერ შეწირული (XIIIს.) ხატები.

მუზეუმის კოლექციებში დაცულია VI-VII საუკუნის ბრინჯაოს სირიული საცეცხლურები, გამოყენებითი ხელოვნების უაღრესად მნიშვნელოვანი ნიმუში - ვენეციაში შექმნილი საკურთხევლისწინა ჯვარი (XIII-XIV სს. მიჯნა), რომელიც სვანეთში "ლათაიჯვარის" ანუ "თვლებიანი" ჯვრის სახელითაა ცნობილი. იგი ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვების, ფილიგრანით შესრულებული ჩარჩოების და ბუდეებში ჩასმული, ეტრატზე შესრულებული ფერწერული მინიატურების უნიკალურ მთლიანობას წარმოადგენს. ასევე, საყურადღებოა, უშგულში დაცული, იტალიური მედალიონები (XIIIს) და გერმანული კათხა (XIVს).

მუზეუმის ხელნაწერების ფონდში დაცულია ეტრატზე და ქაღალდზე შესრულებული, IX-XVIII საუკუნეების სასულიერო მწერლობის ძეგლები - პალიმფსესტური ფურცლები, ჭედურობითა და მხატვრობით შემკული წიგნები.

აღსანიშნავია, 897 წელს შატბერდში გადაწერილი, თარიღიან ოთხთავებს შორის უძველესი ადიშის ოთხთავი; მესტიის (1033წ.), ლაბსყალდისა (XIIს.) და იენაშის (XIIIს.) ოთხთავები.

ხელნაწერთა კოლექციაში ასევე დაცულია X საუკუნის იერუსალიმის განჩინება (ლატალის ლექციონარი) და X-XI საუკუნეების, გამორჩეული კალიგრაფიული ნუსხურით შესრულებული ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებულები; წვირმის, იელის, ადიშის იადგარები. მათში VIII-X საუკუნეების ბიზანტიური ჰიმნოგრაფიის უძველესი ქართული თარგმანებია თავმოყრილი. აქვეა, ხეზე დაწერილი საბუთები (XIV-XVსს) და ძველნაბეჭდი წიგნები (XVIII-XIXსს.), მათ შორის ერეკლე II-ის სტამბაში დაბეჭდილი თუენი (XVIIIს.).

სვანეთის ტრადიციული ყოფა მუზეუმში მრავალმხრივ არის წარმოდგენილი: XIX საუკუნის ფოტოებით; სვანური საცხოვრისის ელემენტებით (კერია, ორნამენტებით შემკული ხის საკარცხულები, სკივრები, ჭურჭელი); სამეურნეო და საბრძოლო იარაღით, სამკაულებით და, რაც მთავარია, მესტიასა და უშგულში მდებარე კოშკებით, რომლებიც დღემდე ინახავს აქაურთა საუკუნოვან რწმენა-წარმოდგენებს.

***

მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრის მიზანია რეგიონის მოსახლეობისა და ჩამოსული სტუმრებისათვის ქართული კულტურის ძეგლების, ხელოვნების, მეცნიერების გაცნობა და პოპულარიზაცია. პროგრამები ითვალისწინებს ექსკურსიებს მუზეუმში, შემეცნებით თამაშებს, ლექცია-საუბრებს, შეხვედრებს მეცნიერებთან, გამოჩენილ ადამიანებთან, საზოგადო მოღვაწეებთან, ფილმის ჩვენებებს, თეატრალურ წარმოდგენებს და ა.შ.

მუზეუმი მრავალფეროვან შემეცნებით პროგრამებს სთავაზობს ოჯახებს, 3-დან 17 წლამდე სტუმრებსა და ზრდასრულ დამთვალიერებლებს. პროგრამები აგრეთვე განკუთვნილია სვანეთში არსებული საზაფხულო სკოლების, სპორტ-სკოლებისა და ბანაკების მონაწილეთათვის.

მესტიის მუნიციპალიტეტის დახმარებით მოხდება ბავშვების ჩამოყვანა მაღალმთიანი სოფლების სკოლებიდან. დაგეგმილია ასევე მუზეუმის გარეთ მოქმედი პროგრამები, როგორიცაა მოძრავი საგანმანათლებლო გამოფენები და საველე ექსკურსიები, რომელთა მიზანია ისტორიის, ფლორის, ფაუნის, ეკოლოგიის, კულტურული მემკვიდრეობის და სხვა საკითხებისადმი ინტერესის გაღრმავება.

გარდა ზოგადი ცოდნის მიღებისა, სამუზეუმო სწავლება ხელს უწყობს მოზარდებში ისეთი შემოქმედებითი უნარების განვითარებას, როგორიცაა ყურადღების კონცენტრაცია და წარმოსახვა, დამოუკიდებლად მსჯელობის, კრიტიკული აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარები. ჩვენი მიზანია მუზეუმი ახალგაზრდებისთვის იყოს სიხარულისა და შთაგონების ადგილი, მათში აღვივებდეს ინტერესსა და შემოქმედებითობას, ამასთანავე ეხმარებოდეს მათ სამყაროს აღქმასა და შემეცნებაში.

მედიათეკა წარმოადგენს თანამედროვე ინტერაქტიულ სივრცეს, სადაც ვიზიტორი გაეცნობა უახლეს ლიტერატურასა და ისარგებლებს უფასო ინტერნეტით.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის სვანეთის მუზეუმის მედიათეკის სამკითხველო დარბაზი 200-ზე მეტი წიგნით შეივსო. კვლევითი ინსტიტუტებისა და ქართველი გამომცემლების მიერ გადმოცემული წიგნები განკუთვნილია სხვადასხვა ინტერესისა და ასაკობრივი კატეგორიის მკითხველისთვის, რაც ხელს შეუწყობს მთიანი რეგიონის მოსახლეობის უახლესი ლიტერატურის ხელმისაწვდომობას.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი გაწეული დახმარებისათვის მადლობას უხდის გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას, გამომცემლობებს - არტანუჯი, ინტელექტი, საუნჯე, ბაკმი, შემეცნებასა და პალიტრა L-ს.

დამატებითი ინფორმაცია

  • მდებარეობა: მესტია, ავთანდილ იოსელიანის ქუჩა 7
  • სამუშაო საათები: 10:00 - 18:00
  • დასვენების დღეები: ორშაბათი და ოფიციალური დასვენების დღეები
  • გიდი: სასკოლო ჯგუფი 10 ლარი; გიდის მომსახურება ქართულ ენაზე 25 ლარი; გიდის მომსახურება უცხო ენაზე (მიმოხილვითი ტური, არაუმეტეს 1 საათი) 45 ლარი; გიდის მომსახურება უცხო ენაზე (ვრცელი ტური, 1.5–2 საათი) 60 ლარი; ექსკლუზიური ტური წინასწარი ჩაწერით 200 ლარი;
  • ტანსაცმლის და ბარგის შენახვის საშუალება:
  • ფოტო ვიდეო გადაღება:
  • ბილეთები:
  • ტელეფონი: + (995 32) 299 71 76
  • ელ.ფოსტა: +(995 32) 298 21 33
  • ვებ გვერდი:
payment methods