ხვანჭკარას ისტორია

2019-08-22
ისტორია
image

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ამბროლაურის რაიონში, რიონის მარჯვენა სანაპიროზე, ყიფიანების მამულში მოყვანილი ყურძნის 2 ჯიშის – ალექსანდროულისა და მუჯურეთულის შერევით და ძველი რაჭული ტექნოლოგიით მზადდებოდა ღვინო,  რომელსაც “ყიფიანის ღვინოს” უწოდებდნენ.

დიმიტრი ყიფიანი ჩამოსხმულ ღვინოს თავის ბიძაშვილთან, მიხეილ ყიფიანთან, თბილისში აგზავნიდა. მას იქ დიდი რესტორანი ჰქონდა სადაც ღვინოს ყიდდა, ასევე ნ. წერეთელსა და ვ. პაპუაშვილს ღვინო ქუთაისში გასაყიდად გაჰქონდათ, მიხეილ ყიფიანს პარიზში მეგობრები ჰყავდა და ის ღვინოს იქაურ რესტორანშიც აგზავნიდა. სინაზითა და ხავერდოვნებით გამორჩეულ "ყიფიანის ღვინოს",  მაშინდელი ექსპერტები ბურგუნდიულ ღვინოებს ადარებდნენ.

"ყიფიანის ღვინომ" პირველი მედალი ჯერ კიდევ 1900 წელს ბათუმის პირველ სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე მიიღო.

1907 წელს კი დიმიტრი ყიფიანმა თავისი ღვინო ბელგიის ქალაქ, ოსტენში გააგზავნა, სადაც მიმდინარეობდა ევროპის ღვინის ფესტივალი, ყველასთვის გასაოცრად  სწორედ „ყიფიანის ღვინოს“ ხვდა წილად ოქროს გრან-პრი, რომელიც დღეს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება.

ბელგიის გამოფენიდან 25 წლის შემდეგ, როდესაც საქართველო უკვე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა, “ყიფიანის ღვინომ” სახელი შეიცვალა და თავადის გვარის ნაცვლად, მუჯურეთულისა და ალექსანდროულის მიკროზონაში მდებარე პატარა სოფლის – ხვანჭკარას სახელწოდება მიიღო. 

 

payment methods