შანელის ქართველი დიდგვაროვანი მოდელები

2019-08-28
საინტერესო
image

1921 წლის თებერვალში წითელი  არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსიის შემდეგ ძალიან ბევრ ქართველს მოუწია ქვეყნის დატოვება.   მათი უმრავლესობა ევროპაში, კერძოდ კი საფრანგეთში გადაიხვეწა.  ელეგანტურობით, დახვეწილი სტილით და გემოვნებით გამორჩეული ქართველი არისტოკრატი ქალბატონების ერთმა ნაწილმა ემიგრაციაში მოდელობას მიჰყო ხელი. რამდენიმე მათგანი კოკო შანელის მოდელიც იყო.

გალაქტიონის მუზად მიჩნეული ულამაზესი მერი შერვაშიძე, რომელმაც 1921 წელს სტამბოლში სილამაზის კონკურსშიც გაიმარჯვა, შანელის მოდელი გახლდათ. შანელის მოდის სახლთან თანამშრომლობდა ასევე არისტოკრატული მშვენიერებით გამორჩეული მელიტა, იგივე მელანია ჩოლოყაშვილი.

როდესაც მელიტა ჩოლოყაშვილის სამოდელო კარიერა დასრულდა, პოდიუმზე ის მისმა  ქალიშვილმა ლილია ზელენსკაიამ ჩაანაცვლა. მის სილამაზეზე მთელი პარიზი ლაპარაკობდა. იგი არაერთ ცნობილ სამოდელო სახლთან თანამშრომლობდა, მათ შორის, ცნობილი ფრანგი კუტურიეს, ლიუსიენ ლელონგის წამყვანი მოდელი იყო. ლილიას ფოტოები 1930–იანი წლების ჟურნალ Vogue–ის ფურცლებზეც მოხვდა.

შანელის სახლის მოდელი იყო ასევე რიმა ერისთავი, თბილისელი თავადის ქალი. დედამისი, თამარ ერისთავი, მეჯვრისხევში, საგვარეულო მამულში დაიბადა. ის ადრე დაქვრივდა. 1918 წელს კი გაემგზავრა პარიზში, სადაც მოგვიანებით ჩაიყვანა ქალიშვილი, შემდგომში Princesse Rimma Eristoff -ად წოდებული რიმა ერისთავი. ის მომხიბვლელი გარეგნობით, დახვეწილი გემოვნებითა და საოცარი მუსიკალური ნიჭით გამოირჩეოდა. ლამაზი გარეგნობის და არისტოკრატული წარმომავლობის გამო, მასთან თანამშრომლობდნენ პარიზის თითქმის ყველა ცნობილი და წამყვანი სამოდელო სახლები. 

კოკო შა­ნე­ლი, რომელიც ამდენ ულამაზეს ქართველ არისტოკრატ ქალბატონთან  თანამშრომლობდა, თურმე ხში­რად ხუმ­რობ­და: "ჩემ­თვის, ოვერ­ნი­ე­ლი პრო­ვინ­ცი­ე­ლის­თვის, ნამ­დვი­ლი თა­ვა­დე­ბი შრო­მო­ბე­ნო".

 

payment methods