ქართული მთის რუხი ფუტკარი თავისი გრძელი ხორთუმით არის ცნობილი. მისი ხორთუმის სიგრძე 7,2 მმ-ს აღწევს. ქართული ფუტკრის პოპულაციებიდან ყველაზე გძელი ხორთუმი აქვს მეგრულს (საშუალოდ -7,17 მმ, მაქსიმალური - 7,23მმ) და ამ მაჩვენებლით მას მსოფლიოში ანალოგი არა ჰყავს. გრძელი ხორთუმის გამო ქართული ფუტკარი ნექტარს ისეთი სანექტრეებიდანაც იღებს, რომლებიც სხვა ჯიშის ფუტკრებისთვის მიუწვდომელია.
ქართული ფუტკრის უნიკალურობის შესახებ მსოფლიომ 1961 წელს გერმანიაში, ქალაქ ერფურტში, მებაღეობის საერთაშორისო გამოფენაზე შეიტყო. ჩხოროწყუს საჯიშე მეურნეობიდან წაყვანილმა ფუტკრების ორმა ოჯახმა 97,3 კგ თაფლი შეაგროვა და ოქროს მედალი დაიმსახურა. ქართულმა ფუტკარმა კიდევ ორჯერ, 1965-სა და 1971 წლის აგვისტოში მოიპოვა ოქროს მედალი და მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი.