ძიება

პოპულარული მუზეუმები & გალერეები

  • საქართველოს ეროვნული მუზეუმი
  • ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
  • ეროვნული გალერეა

სიღნაღის მუზეუმი   

მუზეუმი, ისტორიული მუზეუმი
სამუშაო საათები: 10:00 - 17:30
დასვენების დღეები: ორშაბათი და ოფიციალური დასვენების დღეები
სიღნაღი, შოთა რუსთაველის ჩიხი 8    -    რუქაზე ჩვენება

სიღნაღის მუზეუმი დაარსდა 1947 წელს, როგორც ქიზიყის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მისი ექსპოზიცია გაიხსნა 1950 წლის 31 დეკემბერს. ექსპონატთა საერთო რაოდენობა 700-ს ითვლიდა და წარმოდგენილი იყო ისტორიის, სოციალური მშენებლობისა და ბუნებისმეტყველების განყოფილებები. წლების მანძილზე ივსებოდა მუზეუმის ფონდი. 1967 წლიდან მუზეუმთან გაიხსნა სამხატვრო გალერეა, რომელსაც ცნობილმა თუ დამწყებმა მხატვრებმა შემოსწირეს 600-მდე მხატვრული ტილო თუ სკულპტურა. ეთნოგრაფიული კოლექცია გამდიდრდა კულტურის სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხებით შესყიდული და მოსახლეობის მიერ შემოწირული ნივთებით და ამჟამად შეადგენს 5000 ერთეულს. კოლექცია მდიდარია ქსოვილთა ნიმუშებით, სპილენძისა და ხის საყოფაცხოვრებო დანიშნულების ჭურჭლითა და ნივთებით, სასოფლო-სამეურნეო იარაღებითა თუ მეღვინეობის კულტურის შესაბამისი მასალით. ფონდებში ასევე დაცულია სიღნაღის ქალაქური ყოფისათვის დამახასიათებელი მდიდარი სამუზეუმო მასალა–ოქრომჭედლობის შესანიშნავი ნიმუშები, ხელოსნობის სხვადასხვა დარგის სამუშაო იარაღები, მუსიკალური საკრავები და სხვ. სიღნაღის მუზეუმის ფონდებშია დაცული ნუმიზმატიკის მდიდარი კოლექცია, დაახლოებით 2000 ერთეული, მათ შორისაა უძველესი სასანური მონეტები, თამარის, ლაშა–გიორგის, ერეკლეს მიერ მოჭრილი მონეტები, ბონისტიკური და ჰერალდიკური ნიმუშები, რომლებიც სხვადასხვა დროს წარმოდგენილი იყო დროებითი გამოფენების სახით. მუზეუმის ფონდი მდიდარია ფოტო და დოკუმენტური კოლექციებით (დაახლოებით 50 000 ერთეული). აქ დაცული არქეოლოგიური ექსპონატების გარკვეული რაოდენობა შემთხვევით მონაპოვარი და შემოწირულობაა. 1973 წელს შეიქმნა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტთან არსებული კახეთის არქეოლოგიური კვლევის ბაზა, რომელიც ინტენსიურ სამუშაოებს აწარმოებდა კახეთის რეგიონში. აღნიშნულმა ექსპედიციამ უმდიდრესი მასალა შესძინა სიღნაღის მუზეუმს სხვადასხვა ეპოქის არქეოლოგიურ კულტურათა ნიმუშების სახით, რომელთაგან აღსანიშნავია: ენეოლითური, ადრებრინჯაოს _ მტკვარ-არაქსული, მარტყოფული, ალაზან_ბედენური, თრიალეთური თუ გვიანი ბრინჯაოს ხანის თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს საბრძოლო იარაღები, საკულტო თუ საყოფაცხოვრებო დანიშნულების სხვადასხვა მასალა. მუზეუმი 2007 წელს შეუერთდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. შენობა სრულად შეკეთდა, დამონტაჟდა უსაფრთხოების სისტემები, მოეწყო ახალი ექსპოზიციები, შეივსო მუზეუმის ფონდები და ამჟამად ის ითვლის 60 000 ექსპონატს. სიღნაღის მუზეუმი საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველია, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტებს, სადაც წარმოდგენილია არქეოლოგიური, შუა საუკუნეების, ეთნოგრაფიული და ფიროსმანის ნახატთა მუდმივმოქმედი ექსპოზიციები. მუშაობს დროებითი საგამოფენო დარბაზიც, სადაც 2009 წელს მოეწყო პაბლო პიკასოს ნამუშევრების, 2010 წელს კი დასავლეთ ევროპის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანძურიდან. დღეს სიღნაღის მუზეუმი კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინსტიტუციაა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაშია.

დამატებითი ინფორმაცია

  • მდებარეობა: სიღნაღი, შოთა რუსთაველის ჩიხი 8
  • სამუშაო საათები: 10:00 - 17:30
  • დასვენების დღეები: ორშაბათი და ოფიციალური დასვენების დღეები
  • გიდი:
  • ტანსაცმლის და ბარგის შენახვის საშუალება:
  • ფოტო ვიდეო გადაღება:
  • ბილეთები:
  • ტელეფონი: + (995 32) 23 24 48
  • ელ.ფოსტა: info@museum.ge
  • ვებ გვერდი: