საოჯახო სასტუმრო „სკიჯის სახლი“ მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში. სახლი, რომელშიც განთავსებულია ეს სასტუმრო, თანამედროვე დიზაინითაა გარემონტებული- ტრადიციული, სოფლისთვის დამახასიათებელი ინტერიერითა და ავეჯით. ხუთი საძინებელით, სასადილოებით, ღია აივნებით, სველი წერტილებით. ეზოში გურული „ქუხნა“ შუაცეცხლითა და კეცებით. სახლთან ახლოს (200 მეტრში) ჩამოდის პატარა მდინარე „ლუგუბა“ ბუნებრივი „ჯაკუზით“ ე.წ. - ჭურისწყალა. 400 მეტრში კი მდინარე „გუბაზოულია“, ლამაზი სანაპიროთი და საბანაოებით. ამავე სოფელშია ნოდარ დუმბაძის, მოსე გოგიბერიძის, ანა კალანდაძის სახლ-მუზეუმები; რამდენიმე კილომეტრში კი კურორტები - ნაბეღლავი, ბახმარო, გომის მთა და შავი ზღვის სანაპირო. ასევეა, რამდენიმე ეკლესია-მონასტერი: VI საუკუნის უდაბნოს მამათა მონასტერი; ერკეთის დედათა მონასტერი, გორთაფონის მამათა მონასტერი, სამების ეკლესია და ხიდისთავის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია. ტურისტებს ვთავაზობთ საფეხმავლო და კულტურულ ტურებს; თევზაობას; სხვადასხვა საოჯახო საქმიანობაში მონაწილეობას: ტრადიციული კერძების მომზადებას, ღვინის დაყენებას, არყის გამოხდას, ჩირის გაშრობას, ყველის ამოყვანას, ჯანჯუხის ამოვლებას, კეცის ხაჭაპურის გამოცხობას და ა.შ... სასტუმრო ემსახურება მსგავსი სერვისით დაინტერესებულ როგორც ქართველ, ისე უცხოელ ტურისტებს. გვესტუმრეთ "სკიჯის სახლში", ბახმაროს მთის ძირში ჩაფლულ ზღაპრულ სამყაროში, შეიგრძენით ნამდვილი გურული სოფელი გურულ ოჯახში, გურული ამბებით, გემოებით და თავგადასავლებით...