უძველესი „ძაფი” მსოფლიოში - საქართველოს ტერიტორიაზე, ჯერ კიდევ 320 საუკუნის წინ ამუშავებდნენ სელის ქსოვილს

2019-07-29
Tradition
image

საქართველოს სამეურნეო ყოფაში უძველესი დროიდან, გარდა მარცვლეული და პარკოსანი მცენარეებისა, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საზეთე-ბოჭკოვან კულტურებს, განსაკუთრებით სელს. ამ მცენარეს ეწოდება: მეგრულად – "სუ, ფსუ, ქუმუ", ჭანურად – "სულეი", გურულად და აჭარულად – "ლერწამი", სვანურად – "სელ"; თუშეთსა და ფშავ-ხევსურეთში – "ქუმელი"; ქართლ-კახეთსა და იმერეთში – "სელი".

კოლხეთში ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ცნობილი იყო "კოლხური სელი". 

სელის ფართო გავრცელება განპირობებული იყო მისი სამეურნეო-საქსოვი და საკვები მნიშვნელობით. 

სელის მარცვლისგან ხდიდნენ ზეთს, რომელსაც საკვებად და ასევე სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ იყენებდნენ, როგორც დასალევად, ისე წასასმელად – მალამოების სახით. გაწურული სელის მასა (კოპტონი) - ძვირფასი საკვებია საქონლისთვის, რომელიც რძეს აძლევს მაღალკალორიულობას და ცხიმიანობას. ასეთი რძისაგან დამზადებული ყველი იშვიათი გემოთი გამოირჩევა. სელის ზეთი გამოიყენებოდა გასანათებლად ჭრაქისთვის, ტყავის დასამუშავებლად და საღებავის დასამზადებლად. სელის ღეროებისგან ქსოვდნენ კალათებს და ჭილოფებს, სელის ბზით კვებდნენ შინაურ პირუტყვს, ღეროებს კი სახლის ბანის დასახურად იყენებდნენ. სელის ბოჭკოსგან კი ამზადებდნენ ქსოვილებს.

ანტიკური სამყაროში ცნობილი კოლხური სელის ტილოს ბერძნები "სარდონულ ტილოს" უწოდებდნენ. ეგვიპტური მაღალხარისხოვანი ქსოვილების ღირსეულ მეტოქედ სწორედ კოლხური სელის ქსოვილი ითვლებოდა. 

კოლხური სელის საექსპორტო მნიშვნელობაზე საყურადღებო ცნობებს ვხვდებით ჟან შარდენის (17 ს.), დონ კრისტოფორო დე კასტელის (18 ს.) და სხვათა თხზულებებში. სამეგრელოს მთავარი დადიანი ოსმალეთს ხარკის სახით მხოლოდ სელის ტილოს უხდიდა (ჟან შარდენი). სელის პერანგი გრილი და სასიამოვნო იყო. მამაკაცები მას ყანაში მუშაობისას ატარებდნენ. გარდა სელის პერანგისა, ცნობილი იყო სელის პირსახოცები და თევზის საჭერი ბადეები.

სელის ქსოვილებს ქართველი ხალხის წინაპრებისათვის არა მხოლოდ სამოქალაქო, არამედ სამხედრო მნიშვნელობაც ჰქონდა. ამასთანავე სელი საკულტო მცენარე იყო, მისი სამოსელი სიწმინდის, სისუფთავის სიმბოლოდ ითვლებოდა. ძველი კოლხების სარწმუნოებრივი წარმოდგენით, მიცვალებულის სულისათვის საჭირო იყო ცხედრის გახვევა სელის ტილოში.

არქეოლოგიური გამოკვლევებით მტკიცდება, რომ კოლხეთის ტერიტორიაზე უძველეს ნამოსახლარებზე (ზუგდიდის რ-ნი, ანაკლია), ნოქალაქევში (ძვ.წ. VII-I სს.), აფხაზეთში, ეშერის ნაქალაქარზე (ძვ.წ. II-I სს.) და დასავლეთ საქართველოს შავი ზღვის მთელ სანაპიროზე აღმოჩენილია მრავალრიცხოვანი კერამიკა სელის ქსოვილების ანაბეჭდებით. ამ მასალების უძველესი ნაწილი ძვ.წ. II ათასწლეულით თარიღდება, ნაწილი კი – გვიან ბრინჯაოსა და შემდგომი ხანით.

2009 წელს არქეოლოგებმა ჭიათურაში, "ძუძუანას" მღვიმეში აღმოაჩინეს 32 000 წლით დათარიღებული ზემო პალეოლითის უძველესი სელის ბოჭკოს ნიმუშები, რითაც დასტურდება, რომ საქართველოში, ჯერ კიდევ 320 საუკუნის წინ ამუშავებდნენ სელის ქსოვილს.  ამ აღმოჩენამდე ითვლებოდა, რომ ყველაზე ძველი, ჭინჭრისგან დამზადებული ძაფი აღმოჩენილი იყო დოლნივესტონიცაში, ჩეხეთში (ძვ.წ. 29000წ.).  "ძუძუანას მღვიმეში" აღმოჩენილმა ადამიანის ხელით დართულმა სელის ქსოვილის ნაშთებმა მთლიანად შეცვალა წარმოდგენა პირველყოფილი ადამიანების შესახებ.

payment methods