პრინცი მაჩაბელი - ქართველი თავადი, პარფიუმერი, დიპლომატი და საზოგადო მოღვაწე

2019-10-26
Interesting
image

გიორგი მაჩაბელი სამაჩაბლოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავადის, სიმონ მაჩაბლის, შთამომავალი და შექსპირის მთარგმნელის, ივანე მაჩაბლის, უფროსი ძმის ვასილის ვაჟი იყო.

სათავადაზნაურო გიმნაზიის შემდეგ სწავლა ბერლინის სამთო აკადემიაში გააგრძელა. გერმანიაში სწავლის პერიოდშივე გიორგი მაჩაბელი თავდაუზოგავად იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ის იყო „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და აქტიური წევრი. კომიტეტის წევრები ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ გერმანიის იმპერიისა და ოსმალეთის სახელმწიფოს ხელისუფლებებთან საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების მიზნით. მათმა მცდელობამ შედეგი მალე გამოიღო და 1914 წლის 14 სექტემბერს ოსმალეთში გერმანიის ელჩმა, ბარონმა ფონ ვანგენჰაიმმა, გერმანიის მთავრობის სახელით, გარანტია მისცა კომიტეტს, რომ ომში გამარჯვების შემთხვევაში გერმანია საქართველოს დამოუკიდებლობას ქვეყნის ისტორიულ საზღვრებში აღიარებდა. გიორგი მაჩაბელი მონარქიის აღდგენის დიდი მომხრე იყო. ამისთვის მაჩაბელს გერმანელი პრინცის – კაიზერ ვილჰელმ მეორის უმცროსი ვაჟის იოახიმისა და ქართველი პრინცესის დაქორწინება ჰქონდა გამიზნული. მისი აზრით, ამ საქმისთვის საუკეთესო კანდიდატურა საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის, „ეროვნულ-დემოკრატ“ მიხეილ მაჩაბლის ქალიშვილი მარინა იყო. მაგრამ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფო აღდგა როგორც დემოკრატიული რესპუბლიკა, რის გამოც მონარქიის აღდგენის გეგმები აღარ  განხორციელდა.

გიორგი მაჩაბელი იტალიაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი გახდა. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მაჩაბელმა პოლიტიკური კარიერა დაასრულა და მეუღლესთან, ცნობილი იტალიელ მსახიობ ნორინა ჯილთან (მარია კარმი) ერთად ამერიკაში გადასახლდა.

ამერიკაში ემიგრირებულმა წყვილმა ჯერ ანტიკვარული ნივთების მაღაზია გახსნა, თუმცა მალე სუნამოების შეზავება დაიწყო, რაშიც სწავლის პროცესში ქიმიაში შეძენილი ცოდნაც დაეხმარა. 1926 წელს, ქორწინების მეათე წლისთავზე, წყვილმა საკუთარი კომპანია „პრინცი მაჩაბელი“ – Prince Matchabelli Perfume Company – შექმნა, რომელიც აშშ-ის უმნიშვნელოვანესი კორპორაციების ხუთეულში შედიოდა.

მაჩაბლის ფირმის ფლაკონზე გამოსახული იყო მისი საგვარეულო გერბი და სამეფო გვირგვინი. პირველი სუნამო, რომელიც გიორგი მაჩაბელმა დაამზადა, იყო "საქართველოს დედოფალი", რომელიც საქართველოს არშემდგარ დედოფალს, მარინა მაჩაბელს მიუძღვნა. მას მოჰყვა "პრინცესა ნორინა", "დიუშეს ოფ იორკ", "ოქროს შემოდგომა", სააბაზანო ზეთი "აბანო", ოდეკოლონი "ქარის სიმღერა", დაპრესილი პუდრი და პომადა. 

ფლაკონები თავდაპირველად გერმანული ფაიფურისგან მზადდებოდა, შემდეგ ჯორჯ კობის (გრიგოლ კობახიძე) მინის კომპანიაში დაამზადეს გამჭვირვალე მინის ფლაკონი, რომლის ოქროთი მოვარაყება, ოქროსფერი ზარნიშისა და ზონრის დამზადება ხელით ხდებოდა. სულ მალე გიორგი მაჩაბლის გვირგვინები მთელ ამერიკას მოედო. 

მას 1935 წლის ივნისისთვის მე-5 ავენიუზე დაგეგმილი ჰქონდა სადემონსტრაციო დარბაზის გახსნა. მარტში კი ფილიალების გახსნის მიზნით იმოგზაურა შანხაისა და კალიფორნიაში, მაგრამ გზაში გაცივდა და 1931 წლის 31 მარტს ნიუ–იორკში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ კომპანიას რამოდენიმე მფლობელი ჰყავდა, საერთო მოგება კი 140 მილიონამდე გაიზარდა.

გიორგი მაჩაბლის მიერ დაარსებულმა პარფიუმის ხაზმა მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში იარსება.  მის სიცოცხლეში გამოშვებული სანელსაცხებლეები დღესაც კოლექციონერთა დიდ ინტერესს იწვევს.

payment methods